თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ს პირდაპირი კავშირი აქვს ვენესუელის სამხედროებთან და არწმუნებს მათ, უარი თქვან ნიკოლას მადუროს მხარდაჭერაზე.
გარდა ამისა, აშშ ამზადებს ახალ სანქციებს, რომლებიც მადუროს მთავრობაზე ზეწოლის გაძლიერებისკენაა მიმართული. თეთრი სახლი მოელის, რომ ვენესუელელი სამხედროები გააგრძელებენ ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მხარეზე გადასვლას. გუაიდო ქვეყნის პარლამენტმა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა.
„ჩვენ ჯერაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მადუროს ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებთან, სამხედროებთან, თუმცა ეს კონტაქტები ძალიან ძალიან შეზღუდულია,“ განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა როიტერსს. მან თავი შეიკავა დისკუსიების შინაარსის დეტალებზე საუბრისგან.
როგორც იტყობინებიან, ამასობაში ნიკოლას მადურო, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების გამო შიშობს, მთლიანად გარშემორტყმულია დაცვით, რომელიც კუბელებისგან შედგება.