2018 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა თითქმის 150 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს. ეს ქონება მოქალაქეებმა დაკარგეს.
საბანკო სფეროს ექსპერტები რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას იძლევიან, რაც დაგეხმარებთ იმაში, რომ სწორად შეძლოთ სესხის აღებაც და გადახდაც, რათა თქვენი ქონება სხვისი საკუთრება არ გახდეს.
1. განიხილე რამდენიმე შემოთავაზება
იპოთეკური სესხის აღებისას გაეცანით რამდენიმე ბანკის პირობას. ყოველთვის არსებობს თქვნთვის საუკეთესო პირობა, რომელიც მძიმე ტვირთად არ დაგაწვებათ. თუ რომელიმე ბანკი დაბალ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს გთავაზობთ, ესე იგი სესხის მომსახურების თანმხლები დამატებითი ხარჯები იმ კონკრეტულ ბანკში უფრო დაბალია.
2. დეტალურად გაეცანი გენერალურ ხელშეკრულებას
უძრავი ქონება გირაოში ხშირად გენერალური ხელშეკრულებით ჩაიდება. ეს არის გრძელვადიანი ხელშეკრულება, 20-30-წლიანიც კი. ამ დროის განმავლობაში კომერციული ბანკი ერთი იპოთეკის ქვეშ აერთიანებს მოქალაქის მიერ აღებულ არაერთ სესხს.
ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა მომხმარებელს და ხელშეკრულებაშიც წერია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ მათი საკონსულტაციო ცენტრისთვის მიუმართავთ მოქალაქეებს, რომლებსაც სესხის დაფარვისას გენერალური ხელშეკრულების გამო შეექმნათ პრობლემები.
„თუ მომხმარებელს უნდა, რომ კონკრეტული ხელშეკრულების ქვეშ იყოს პასუხისმგებელი თანხის დაფარვაზე, აუცილებლად უნდა შეამოწმო, ხომ არ არის გაფორმებული მანამდე გენერალური ხელშეკრულება. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ იპოთეკის უძრავი ქონებით დატვირთვას აქვს ორი ფორმა: ერთი, როცა ტვირთავ კონკრეტულ სესხზე და მეორე - გენერალური, ანუ გრძელვადიანი ხელშეკრულება. მათ უნდა აარჩიონ სწორად, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო მოსახერხებელია მათთვის”, - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.
თუ იცით, რომ სესხის დაფარვის შემდეგ ისევ დაგჭირდებათ სესხის აღება, მაშინ გრძელვადიანი ხელშეკრულება ჯობს. ასეთ დროს კონკრეტული ხელშეკრულების დამთავრების მერე იპოთეკა არ მოიხსნება და მისი გამოყენება ისევ შეგეძლებათ 2-3 წელიწადში.
3. დააზღვიე ხელფასი
ხელფასის დაზღვევა ეფექტური ხერხია ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, როგორიცაა სამსახურის დაკარგვა. სადაზღვევო კომპანიები 6 თვის ხელფასს აზღვევენ. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ კვალიფიციურ კადრს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეუძლია ანალოგიური ანაზღაურებით სამსახურის შოვნა, თუმცა აუცილებელია, რომ დამსაქმებლის მიერ სამსახურიდან გაშვება იყოს დაფიქსირებული. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ტოვებს სამუშაო ადგილს, დაზღვევა არ მოქმედებს.
4. გამოითვალე და დააგროვე მინიმალური დანაზოგი
თუ სამსახურიდან თავად წამოხვედით, თქვენს გადახდისუნარიანობას დანაზოგი შეინარჩუნებს. ექსპერტების რეკომენდაციით, ის შემოსავლის მინიმუმ სამმაგი ოდენობა უნდა იყოს. დანაზოგი ეხმარება ადამიანს, რომ, გაუთვალისწინებელი გარემოების მიუხედავად, მისი ყოველდღიურობა და ცხოვრების სტილი მკვეთრად არ შეიცვალოს.
5. გაეცანი გარდაცვალების დაზღვევას
ყველა სამომხმარებლო სესხზე ხდება სიცოცხლის დაზღვევა. თუ ადამიანი გარდაიცვალა და ამის მიზეზი არ არის, მაგალითად, თვითმკვლელობა ან ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, გარდაცვალებიდან 5 დღის განმავლობაში კომერციულ ბანკს უნდა აცნობონ მომხდარის შესახებ. პირველ რიგში შეჩერდება სესხზე პროცენტის დარიცხვა და მხოლოდ ძირი თანხის დაფარვის ვალდებულება დარჩებათ ოჯახის წევრებს. თუ გარდაცვალება იყო მოულოდნელი, ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია თანხას სრულად აანაზღაურებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი - 56 934 467 ლარის - უძრავ-მოძრავი ქონება საქართველოს ბანკს გადაეცა, მეორე ადგილზეა თი-ბი-სი ბანკი, 46 754 801 ლარით, ხოლო მესამეზე - ბანკი „ქართუ“, 25 396 007 ლარით.