პანკისელი აქტივისტები პარლამენტისგან საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC) წარმომადგენლებმა და პანკისის ხეობის ახალგაზრდა აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტს მიმართეს პეტიციით და ოფიციალური განცხადებით, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეს. EMC ითხოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის საქმიანობის შესწავლასაც.

“ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, თემირლანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების ჩატარებას და იმ პირების დასჯას, ვინც სპეცოპერაცია დაგეგმა და განახორციელა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას პანკისელმა აქტივისტმა მარსელი ბაღაკაშვილმა.

EMC-ს წარმომადგენლის ქეთი ჩუთლაშვილის შეფასებით, მათი განცხადება დასაბუთებულია და პარლამენტის წევრებს მისცემს საშუალებას გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ. ჩუთლაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, შეხვდნენ მაჩალიკაშვილის ოჯახს და მისი ინტერესების დამცველს.

"თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თაობაზე პარლამენტში კონსენსუსი ვერ შედგა, ჩავთვლით, რომ არსებულ სისტემას არ აქვს რესურსი, რომ აშკარა უსამართლობაზე მოახდინოს რეაგირება და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები გამოიყენოს“ - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა. მისი თქმით, ეს საქმე აჩვენებს ზოგადად, პანკისის ხეობაში წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების რეპრესიულ, დასჯაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება გზავნილი, რომ ხელისუფლება პანკისის ხეობის მიმართ პოლიტიკას ცვლის და მისთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე და ღირსება.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირებას სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.