პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შეხვდა და თბილისის სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის შესახებ დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთი საათი ესაუბრა.
ფედერაციის პრეზიდენტს ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ულტიმატუმს უყენებს - თუ გეგეშიძე თანამდებობას არ დატოვებს, ან კარიერას დაასრულებს ან უცხოეთში გაემგზავრება. ყაველაშვილი რამდენიმე დღის წინ დათუნაშვილსაც შეხვდა. ამჯერად კი გეგეშიძის პოზიცია მოისმინა.
"ჭიდაობის ფედერაცია შარშან წლის საუკეთესო ფედერაციად დასახელდა. ეს საამაყო ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. თუკი ფედერაცია ვერ იმუშავებს წარმატებულად, ეს შედეგებზეც აისახება. მოხდა მიუღებელი ინციდენტი. მოვუსმინე დათუნაშვილსაც და დღეს გეგეშიძესაც. ასევე ვესაუბრე მწვრთნელებს გიორგი იანტბელიძესა და ნუგზარ სხირელსაც. შემომთავაზეს, რომ მოიწვევენ პრეზიდიუმს და იმსჯელებენ ყველა საკითხზე. პრობლემა იმ სფეროში უნდა გადაწყდეს. არაა გამორიცხული, მეც მიმიწვიონ. თარიღს ფედერაცია დააზუსტებს. დავანებოთ თავი სპეკულაციებს. მთავარია, არა კონკრეტულად თანამდებობის დატოვებაზე საუბარი, არამედ ფიქრი და მსჯელობა იმაზე, რომ შეიქმნას ჯანსაღი ატმოსფერო. გეგა გეგეშიძემ მითხრა, რომ ნანობს მომხდარს. არსებობს მიზეზები და ყველაფერზე ერთად იმსჯელებს ფედერაციის პრეზიდიუმი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.