მანველიშვილის არქივი კოლორადოდან - რას მოგვითხრობს ემიგრანტი პოლიტიკოსის ჩანაწერები?

„კოლორადო. დენვერის მახლობელი პატარა ქალაქი ავრორა. და აი, მანველიშვილის უდიდესი არქივი, რომლის საქართველოში ჩამოტანაზე არაერთი მკვლევარი ოცნებობდა, სულ მალე საქართველოში ჩამოვა“, - წერდა რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ფეისბუკზე. საჯაროდ დაწერილი პოსტიდან ჩანდა, რომ მანველიშვილის არქივის ხილვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

1929 წელს, საბჭოთა საქართველოდან გადახვეწილი პუბლიცისტის და მომავალში პოლიტიკოსის, გაერთიანება „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე მანველიშვილის ორმა ვაჟმა, პოლ და პიტერ მანველებმა ეროვნული ბიბლიოთეკის დელეგაციას 20 ყუთი მასალა დაახვედრეს - ყველაფერი საქართველოში წამოსაღებად, როგორც ეს თავად ალექსანდრე მანველიშვილმა დაიბარა სიკვდილის წინ - მემუარები, მიმოწერა, გამოცემები, ფოტოალბომები, გამომცემლობის სასტამბო აღჭურვილობა...

ამ უნიკალური არქივის ნაწილი უკვე საქართველოშია. მათ შორის, ალექსანდრე მანველიშვილის ავტობიოგრაფია.

აკრძალული ისტორია

მის შესახებ საბჭოთა პერიოდში ცოტა რამ იცოდნენ. ან არაფერს ამბობდნენ, ან იმას, რაც საბჭოთა რეჟიმს აწყობდა. პირველი, ვინც მის შესახებ იკვლია, შემდეგ აშშ-ში შეხვდა და მისი პუბლიკაციები საქართველოც ჩამოიტანა, შემდეგ კი მასზე დაწერა, გურამ შარაძე იყო. 1991 წელს მან პირველმა მოუთხრო ქართველებს მანველიშვილზე.

ხელმეორედ მისი ოჯახის მოძებნა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სცადა. სოციალურმა ქსელმა თავისი საქმე გააკეთა - საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი იხსენებს, როგორ იპოვეს მანველები და გაწყვეტილი კონტაქტიც აღდგა.

ალექსანდრე მანველიშვილი

ლევანს გურამ შარაძის სიტყვებიც კარგად ახსოვს, აშშ-დან ჩამოსატანი სამი უნიკალური არქივი დამრჩა, მათგან ორი - გრიგოლ დიასამიძის და ალექსანდრე მანველიშვილის, განსაკუთრებულიო.

პირველი - 2013 წელს გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას გრიგოლ დიასამიძის შვილიშვილმა, ნინა ვაჩნაძემ. მანველიშვილი კი ახლა ბრუნდება.

„ალექსანდრე მანველიშვილის არქივი შეიცავს იმ პარტიების და ემიგრაციის იმ ნაწილის შესახებ ინფორმაცია, რომელთა შესახებ, არ არის იმდენი ცნობილი, რამდენიც ვიცით, მაგალითად, სოციალ-დემოკრატების შესახებ. ახლა ამ მასალის შესწავლა ისტორიკოსების საქმეა“, - გვითხრა ლევან თაქთაქიშვილმა.

„მანველებმა მოგვწერეს, თქვენი ჩამოტანილი ქართული ქუდები ახლაც გვახურავსო. ველით, რომ ისინი მალე ესტუმრებიან საქართველოს“, - ამბობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი:

„ყველაზე დიდი სიურპრიზი მაინც მისი ავტობიოგრაფია იყო, სადაც ზედმიწევნით მოწესრიგებულად აქვს ყველაფერი აღწერილი, მთელი თავგადასავალი. ემიგრაციაში მცხოვრები ქართველების შესახებ შთაბეჭდილებასაც წერს, შეხვედრებზე, ემოციებზე. ეს კაცი დიდხანს ხელმძღვანელობდა ქართულ განმათავისუფლებელ გამოცემებს და ერთ მიმართვაში წერს კიდეც, საბჭოთა ქართველებს არა აქვთ უფლება თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვისა, ჩვენ კი, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გვაქვს საშუალება მუშაობა არ უნდა შევწყვიტოთო“.

ჰიტლერის უარი ქართველებს

საბჭოთა პერიოდში ალექსანდრე მანველიშვილსა და მის თანამებრძოლებზე ამბობდნენ, რომ მათ ნაცისტური გერმანიის მხარე დაიჭირეს. ბევრი არც არაფერი იყო ცნობილი.

ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში სწორედ 1991 წელს გურამ შარაძის მიერ მოწყობილ გამოფენას იხსენებს, სადაც, ფაქტობრივად, პირველად გაიგეს მეტი ალექსანდრე მანველიშვილის შესახებ.

„თეთრი გიორგი“, როგორც ოთარ ჯანელიძეც მოგვითხრობს, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ორგანიზაცია იყო, რომელსაც პარტიებს შორის კინკლაობის ნაცვლად ეროვნული ერთობის იდეაზე ზრუნვა დაისახა მიზნად, თუმცა განხეთქილება ვერც მათ აიცილეს თავიდან.

მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად, ემიგრაციაში ისევ დაიწყო მოძრაობა გერმანიასთან თანამშრომლობისთვის. გამოცდილება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი არსებობდა, როდესაც ევროპაში საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი ჩამოყალიბდა.

ოთარ ჯანელიძე მოგვითხრობს, რომ ამ კომიტეტის წევრები, გიორგი მაჩაბლის გარდა, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და მათ ისევ სცადეს გერმანია საქართველოთი დაეინტერესებინათ:

„რადგან 1918 წელს ჩვენ გერმანიის დახმარებით მივიღეთ თავისუფლება და გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, გათვლა ახლაც ასეთივე იყო - ჩვენი მტრის მტერი ჩვენი მეგობარიას პრინციპით მოქმედება. მაგრამ განსხვავებით იმპერატორ ვილჰელმ მეორისგან, ჰიტლერი ქართველებს პოლიტიკური თავისუფლების ნიშნით არაფერს დაჰპირებია. ჩვენებმა ჰიტლერს ფინეთის პრეზიდენტი კარლ გუსტავ მანერჰაიმიც მიუგზავნეს, მაგრამ ჰიტლერმა მასაც უარი უთხრა“.

თუმცა ქართველები ბერლინში რჩებოდნენ. მათ შორის, ალექსანდრე მანველიშვილიც. 1942 წელს იქ ქართული კომიტეტი. ჩამოაყალიბეს, რომლის მიზანი საქართველოს საბჭოთა კავშირიდან დახსნა იყო. შემდეგ ქართველებმა იქ ე.წ. სამეკავშირეო შტაბიც შექმნეს, რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკებიდან ტყვეები გამოჰყავდა. სიკვდილს ბევრი ადამიანი გადაარჩინეს.

„ასე რომ, მათი მიზანი არ ყოფილა ნაცისტური გერმანიის დანაშაულებრივ პოლიტიკაში მონაწილეობა, როგორც ამას საბჭოთა ხელისუფლება წარმოაჩენდა. მანველიშვილის ამბავიც ამ ჭრილშია გასააზრებელი და შესასწავლი", - გვითხრა ოთარ ჯანელიძემ.

ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ არქივიდან საქართველოს ისტორიოგრაფია უზარმაზარ ინფორმაციას მიიღებს:

„ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ როგორც არქეოლოგიური გათხრების დროს ჩნდება ახალ-ახალი შრეები, ასე ჩნდება ახალი ინფორმაციაც ემიგრანტული მემკვიდრეობის კვლევის დროს. რაც შეეხება ალექსანდრე მანველიშვილს და სხვა ბევრ წარმომადგენელს ქართული ემიგრაციისა, ვისზეც საბჭოთა კავშირში ლაპარაკიც კი აკრძალული იყო, დღეს, ვფიქრობ, აღარ გვეპატიება ხალხს მათზე დამახინჯებული ინფორმაცია მივაწოდოთ“.

ალექსანდრე მანველიშვილის სრულ არქივს თბილისში შემოდგომისთვის ელიან.