საოკუპაციო ხაზთან დაკავებული დეკანოზი გაათავისუფლეს

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ნიქოზის ტაძრის დეკანოზი დავით დურგლიშვილი გაათავისუფლეს.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირი, ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

4 თებერვალს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან რუსეთის მესაზღვრეებმა ცხინვალი-ნიქოზის ეპარქიის დეკანოზი დავით დურგლიშვილი დააკავეს და მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.

დეკანოზი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის სიახლოვეს მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. თვითმხილველის კობა ესიაშვილის თქმით, სასულიერო პირი საოკუპაციო ღობის მიღმა მიწის საკოცნელად გადავიდა და ის სწორედ ამ დროს დააკავეს.

დეკანოზი უკვე მესამედ დააკავეს. ის წარმოშობით ფრონეს ხეობის სოფელ ავნევიდანაა. სოფელი ამჟამად ოკუპირებული და დანგრეულია.

სასულიერო პირი ოჯახთან ერთად გორში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.