თორნიკე მამალაძე: „ვერცერთი მღვდელი ვერ გაბედავს ჩემი ძმის ზიარებას“

„ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება და ხელის კვრა“, - ასე აფასებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას თორნიკე მამალაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა.

საპატრიარქოს განცხადებით თანახმად, ილია მეორე ნებას რთავს სასულიერო პირებს აზიარონ გიორგი მამალაძე, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობითა და გადაწყვეტილებით.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც საპატრიარქო ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას ავრცელებს. ვერცერთი სასულიერო პირი ვერ გაბედავს ეკლესიის მთავარი ადმინისტრატაციის გარეშე საპატიმროში შესვლას და ჩემი ძმის ზიარებას. როდესაც საპატრიარქო ამბობს, რომ სასულიერო პირს შეუძლია შევიდეს საპატიმროში და აზიაროს გიორგი მამალაძე, ოღონდ პირადი პასუხისმგებლობის ხარჯზე, რაც მუქარასავით იკითხება, ვერცერთი სასულიერო პირი ვერ გაბედავს საპატიმროში შესვლას და ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას. ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თორნიკე მამალაძე.

თორნიკე მამალაძემ 4 თებერვალს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალა. ის ითხოვს მისი ძმის, გიორგი მამალაძის საპატიმროში ზიარებას.

საპატრიარქო თორნიკე მამალაძის მიერ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლას ეკლესიაზე ზეწოლის სახედ აფასებს.

თორნიკე მამალაძის თქმით, მან კარვის გაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორწლიანი მცდელობა ეზიარებინათ მისი ძმა, უშედეგოდ დასრულდა:

„ამ საკითხის მოგვარებას დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი, მაგრამ სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიე, სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი და ამ გზით გამოვხატე პროტესტი. საპატრიარქომ ჩვენ ხელი გვკრა“.