პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია პარლამენტთან 8 თებერვალს იგეგმება.
აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ სოფიო კილაძის საჯარო განცხადებები და პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან.
„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, როგორც კანონპროექტების, ისე პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის პროცესში, ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ამის ნაცვლად, 4 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ, ცრუ, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვები და სიძულვილის ენა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წევრების ანა აბაშიძის და ანა არგანაშვილის მიმართ.“- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით,პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის გამონათქვამებმა და კომენტარებმა არაერთხელ გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი და უკვე დიდი ხანია იგი სოფიო კილაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.“სოფიო კილაძის დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ.“-ვკითხულობთ განცხადებაში.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „თანასწორობის მოძრაობა“ და „ქალთა მოძრაობა“.