საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული დეკანოზის ოჯახი მის სწრაფად გათავისუფლებას ელოდება

საოკუპაციო ხაზი სოფელ ნიქოზთან

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მიერ სოფელ ნიქოზთან დაკავებული სასულიერო პირი, მამა დავით დურგლიშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

ნიქოზის ტაძრის დეკანოზი, რომელიც მიწის ნაკვეთში მუშაობდა, 4 თებერვალს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. ერთ-ერთმა თვითმხილველმა კობა ესიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მამა დავითი ორმა შეიარაღებულმა პირმა დააკავა.

დეკანოზის მეუღლის, შორენა ჩიმჩიურის ინფორმაციით, დავით დურგლიშვილს სავარაუდოდ, მალე გაათავისუფლებენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მიერ დაკავებული სასულიერო პირის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.