რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, იქ სადაც ადრე რუსეთის სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ციხეს აშენებს.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა რუსუდან უშიკიშვილმა, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ 14 ჰექტარ ფართობზე მართლაც შენდება სასჯელაღსრულების დაწესებულება. მისი თქმით, სამინისტრო ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს .
ჭყონდიდელის დასახლებაში დისლოცირებული იყო საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის დივიზია, რომელიც 90წლების დასაწყისში გაუქმდა. ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები 2008 წელს დასრულდა.
ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებნი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ ყოფილი ბაზის ტერიტორიაზე მძიმე სამშენებლო ტექნიკა მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში გამოჩნდა. მათ არ იციან რა შენდება ტერიტორიაზე.
მშენებლობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომელიც რადიო თავისუფლებას გიორგი ჩიხლაძედ გაეცნო, განაცხადა რომ მშენებლობა კონფიდენციალურია.
სამშენებლო მოედანზე არ არის გაკრული ბანერები, თუ რომელი კომპანია აწარმოებს მშენებლობას და რას აშენებს. მშენებლობაზე დასაქმებული მუშებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არ იციან მათი დამსაქმებლების შესახებ. სამშენებლო მოედანზე პელენგატორებით დადიან ადამიანები, რომლებიც ჯართს ეძებენ.
ერთ-ერთმა, გოჩა ქერელაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ყოფილ ბაზაზე დიდი სუპერმარკეტი შენდება.