მიტროპოლიტი ეპიფანე: რუსეთის ეკლესია პუტინის უკანასკნელი ფორპოსტია უკრაინაში

მიტროპოლიტი ეპიფანე

უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის თავკაცი, მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო) უკრაინაში ვლადიმირ პუტინის უკანასკნელ ფორპოსტს უწოდებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. თავისი ინტრონიზაციის, ანუ უმაღლესი საეკლესიო თანამდებობის ოფიციალურად დაკავების წინა დღით, იერარქმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურს.

„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში პუტინის უკანასკნელი ფორპოსტია, ვინაიდან ეკლესია ღრმად არის ფესვგამჯდარი მორწმუნე უკრაინელების სულებში“, - აღნიშნა ეპიფანემ. უკრაინელი მიტროპოლიტი დარწმუნებულია, რომ ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინელების გაერთიანების შემდეგ, პუტინი დაკარგავს მხარდაჭერას ქვეყნის შიგნით, რასაც მოჰყვება დონბასში კონფლიქტის დასრულება და ანექსირებული ყირიმის უკრაინაში დაბრუნება.

გასული წლის 15 დეკემბერს კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია. მათ საფუძველზე შექმნილი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არის მიკუთვნებული. ახალი ეკლესიის მიტროპოლიტი გახდა 39 წლის ეპისკოპოსი ეპიფანე.