ისტორიკოსი და სიმართლე: რონალდ სუნი

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

ისტორიკოსი და სიმართლე: რონალდ სუნი

“ისტორიის კარგად წერა თუ გინდა, შენი ვნება, შენი ერთადერთი ბატონი სიმართლეა. და მეცნიერება. არა სომხეთი, არა საქართველო, არა რუსეთი და არა ამერიკა. სიმართლისთვის უნდა წერო - ყველაზე ობიექტური, ფრთხილი, სამეცნიერო სამუშაო უნდა შეასრულო” - გვეუბნება ამერიკელი ისტორიკოსი, მიჩიგანის და ჩიკაგოს უნივერსიტეტების პროფესორი, რონალდ გრიგორ სუნი ინტერვიუს ბოლოს. და ამატებს: „უნდა გახსოვდეს, რომ მომავალი, ან მისი შემდგომი თაობა ამ წიგნს იპოვის და წაიკითხავს. და სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში ჩემს წიგნთან მიმართებით. ოღონდ ამას 25 თუ 30 წელიწადი დასჭირდა“.

ასათიანის კუთხე

Your browser doesn’t support HTML5

ასათიანის კუთხე

სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

რონალდ სუნის მიიჩნევენ საბჭოთა კავშირის და კავკასიის ხალხების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდ მცოდნედ მსოფლიოს საუნივერსიტეტო სივრცეში. წიგნი, რომელსაც ის გულისხმობს, „ქართველი ერის შექმნაა“ – პირველი ინგლისურენოვანი, მასშტაბური გამოკვლევა საქართველოს ისტორიაზე, რომელიც დასავლეთის აკადემიურ სივრცეში დაიბეჭდა 1980-იანი წლების ბოლოს. ამ წიგნმა სუნის ქართველი კოლეგების რიგებში მწვავე კრიტიკოსები შესძინა. იმდენად, რომ ეს წიგნი ჯერ კიდევ არ არის გადათარგმნილი ქართულ ენაზე. რონალდ სუნი თანამედროვე, ასე ვთქვათ, მოდერნული მნიშვნელობით „ერის“ შექმნაზე წერს, რაც მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება - ქართველ ისტორიკოსებს კი ეხამუშათ ის, რომ ასეთი სათაურის მქონე წიგნი არ იყო კოლხებზე, დმანისზე, შუა საუკუნეებზე და დავით აღმაშენებელზე. ანტაგონიზმს არმენოფობიური ელფერიც დაჰკრავდა - რატომ დაწერა ამ სომეხმა ჩვენი ისტორია? ვინ ჰგონია თავი? - ასეთ კითხვებსაც სვამდნენ ჩემი მისამართითო, გვეუბნება ისტორიკოსი ინტერვიუში.

თუმცა რონალდ სუნის წიგნები სომხეთშიც არ უყვართ, მათ იქაც არ თარგმნიან. 2015 წელს დაწერილი წიგნისთვის, სახელწოდებით "მათ შეუძლიათ იცხოვრონ უდაბნოში, მაგრამ სხვაგან არსად: სომეხთა გენოციდის ისტორია" სუნის „გენოციდის უარმყოფელიც“ უწოდეს, რასაც თავად ისტორიკოსი „სიგიჟედ“ მიიჩნევს. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი წიგნიაო, გვეუბნება ის ინტერვიუში.

რონალდ სუნი და სალომე ასათიანი, თბილისი, ასათიანის ქუჩა, 2018 წლის 28 ივნისი

რონალდ სუნის მოსწონს თავისი სომხური წარმოშობა და ისიც, რომ მას თბილისური ფესვები აქვს. გასულ ზაფხულში მე ძალიან გამიმართლა და პროფესორ სუნის გვერდით აღმოვჩნდი მაშინ, როცა ის თბილისში ესტუმრა მისთვის ემოციურად უმნიშვნელოვანეს ადგილს. სოლოლაკში, ახლანდელი ასათიანის ქუჩაზე მოვინახულეთ ეზო, სადაც ერთი საუკუნის წინ ცხოვრობდნენ ისტორიკოსის ბაბუა, კომპოზიტორი გრიკორ მირზაიან სუნი და ბებია, მათემატიკოსი ნატაშა სონიანცი. ისტორიამ ბევრი რამ შეცვალა და გადაწერა; მეზობლებმა ისიც კი გვითხრეს, სტუმარს, როგორც ჩანს, სურს „ყველაფერი სომხურს მიაწეროს“, მაგრამ ამ ეზოში მირზაიანები არასოდეს ცხოვრობდნენო. მაგრამ რონალდ სუნისთვის ეს ეზოც და თბილისიც საკრალურ და ძვირფას ადგილად დარჩება - ადგილად, სადაც მეოცე საუკუნის მღელვარე ისტორიის ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მტკივნეული თავი დაიწერა.

​დღევანდელ პოდკასტს საგანგებო, ვიდეოფორმატი აქვს. ამ მასალის გადაღების მომენტში რონალდ სუნი, საქართველოს ისტორიის სხვა ცნობილ უცხოელ მკვლევრებთან ერთად, თბილისში მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების მეასე წლისთავს და პირველი რესპუბლიკის ისტორიას ეძღვნებოდა. გადაცემაში პროფესორ სუნისთან ერთად მოვინახულებთ მისი წინაპრების სახლს სოლოლაკში და შემდეგ, ვრცელ ინტერვიუში, ისტორიკოსს ვესაუბრებით საქართველოს ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ და რატომ შეასუსტა საბჭოთა მმართველობამ თბილისის უნიკალური კოსმოპოლიტური ბუნება; როგორ იყო ერთ დროს საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომლის მარქსისტმა ინტელიგენციამ და პარტიამ გლეხთა მასების მხარდაჭერა მოიპოვა; რატომ აქვს თანამედროვე რუსეთს იდენტობის კრიზისი და პროფესორ სუნის ჯერ კიდევ გამოუცემელ, მასშტაბურ მონოგრაფიაზე სტალინის ადრეული წლების შესახებ, სახელწოდებით „კობადან კომისრამდე“.