პრეზიდენტი არასამთავრობოებთან იწყებს დისკუსიას მათ მიერ სახიფათოდ მიჩნეულ ინიციატივაზე

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველ შეხვედრას გამართავს ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის საკითხზე. სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრით ამ თემაზე ღია დისკუსია გაიხსნება. მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უპირობოდ დაცული უნდა იყოს, თუმცა, დაცული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ღირსება და პატივიც. სალომე ზურაბიშვილმა პირველად 2018 წლის 31 დეკემბერს, საახალწლო მიმართვისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება კანონით ერთდროულად იყოს დაცული სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ინიციატივაში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ.