რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ვერ წარმომიდგენია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით საეკლესიო რეალობა და ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო. მართალია, იქ არის რამდენიმე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, უმეტესად ისინი, რომლებიც ღია თუ ფარულ ოპოზიციაში არიან კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რომლებიც მოუწოდებენ პატრიარქს, აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თავის დროზე, გადაწყვიტა არ წასულიყო კრეტის კრებაზე და ჩვენ, მათ შორის, საქართველოს ეკლესიის სოლიდარობის ნიშნადაც მივიღეთ ასეთივე გადაწყვეტილება, რომ არ წავსულიყავით ამ კრებაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლურ დიპტიქებში მეექვსე ადგილს მოითხოვს და ჩვენ მას ამაში მხარს ვუჭერთ. ჩვენს დიპტიქში ის მეექვსე ადგილს იკავებს. ახლა კი, როდესაც ამ დიპტიქიდან წაიშლება კონსტანტინეპოლის პატრიარქი, საქართველო დაიკავებს მეხუთე ადგილს. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დიპტიქში საქართველო იკავებს მეცხრე ადგილს და ამ საპატრიარქოში არავინ აპირებს საქართველოს რიგითობის ადგილის საკითხს გადახედოს. აი, ამ ფაქტების ერთობლიობა ნაკლებსავარაუდოს ხდის იმას, რომ საქართველოს ეკლესიამ, ოდესმე, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მღვდელმთავრების მოთხოვნას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკაშირებით“, - განაცხადა რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავარმა.