თუკი რუსეთი უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის დროულ გადახდაზე, მას ჯარიმები დაეკისრება, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 31 იანვრის გადაწყვეტილებით, 2006 წელს დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
„ყოველ გადაცილებულ პერიოდზე ეს თანხა გაიზრდება შესაბამისი ოდენობის ჯარიმებით და როდესაც თანხა ჩაირიცხება, ჩვენ საშუალება გვექნება, რომ იმ ლიმიტებსა და იმ ფარგლებში, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, სულ მცირე, 1500 დაზარალებულს, რომლებიც ჩვენს მიერ წარდგენილ სიაში არიან, თუკი ისინი კვლავ იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, ჩავურიცხოთ კომპენსაციის თანხა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა თავის გადაწყვეტილებაში ლაპარაკობს სულ მცირე 1500 დაზარალებულზე, რომელთა შორისაც საკომპენსაციო თანხა გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით უნდა გადანაწილდეს: ის ვინც მხოლოდ გამოძევების მსხვერპლი იყო, ორი ათას ევროს მიიღებს, მორალური კომპენსაციის სახით; ხოლო მას, ვინც იყო ასევე არაადამიანური მოპყრობის, უკანონო დაკავებისა და პატიმრობის მსხვერპლი, დამატებით 12-15 ათასი ევრო შეხვდება.
თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეიდან უკვე საგარეო პოლიტიკურ საკითხად იქცა და უნდა განხორციელდეს შესაბამისი პოლიტიკური წნეხი რუსეთზე, მის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით.
„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც არის შესაბამისი წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შემდგარი ორგანო, ჩვენთან ერთად, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, უნდა განახორციელოს შესაბამისი პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა მან აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ის იმედოვნებს, რომ რუსეთს ამ თანხის გადახდა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება „წმინდა პოლიტიკური, სამართლებრივი და საგარეო სამართლებრივი საკითხი“.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაზარალებულთა კომპენსაციაზე მსჯელობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2014 წელს საქართველომ რუსეთს მოუგო სამართლებრივი დავა ქართველების მასობრივი დაკავებისა და რუსეთიდან დეპორტაციის საკითხზე. სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მოთხოვნა. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებოდა.
იუსტიციის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, კომპენსაციას ითხოვდა საქართველოს 1795 მოქალაქე. მათი დეტალური მონაცემები სტრასბურგში 2016 წლის 1 სექტემბერს გაიგზავნა.