მთავარი პროკურორის დიპლომის ნახვას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სასამართლოს დახმარებით ცდილობს

6 თვის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ მთავარი პროკურორის დიპლომის ასლის მოპოვება, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, ეკა გიგაურისთვის წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო უწყებები არ გასცემენ ამ ერთი შეხედვით ყველასათვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მთავარი პროკურორის დიპლომის ასლის მოპოვებას ახლა უკვე სასამართლოს წესით შეეცდება.

„იმის გამო, რომ არც მთავრობის კანცელარიიდან, არც იუსტიციის სამინისტროდან და არც პროკურატურიდან არ მოგვაწოდეს ინფორმაცია მთავარი პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით, ჩვენ ვიჩივლეთ სასამართლოში და ახლა უკვე სასამართლოს წესით ვცდილობთ ამ ინფორმაციის მოპოვებას“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

შეკითხვები შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით გაჩნდა 2018 წლის ივლისში, როდესაც ის მთავარი პროკურორის პოსტზე ინიშნებოდა. თადუმაძეს ამ თემაზე შეკითხვები საქართველოს პარლამენტშიც დაუსვეს, რადგან ამ თანამდებობაზე საქმიანობისთვის კანონმდებლობა სისხლის სამართლის სპეციალისტის დიპლომს მოითხოვს.

პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შალვა თადუმაძე 1994-1998 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ინჟინრის პროფესიას ეუფლებოდა, ხოლო 1994–1999 წლებში იურისტის განათლება თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში მიიღო.