რატომ იბარებენ პოლიციაში ჰესების მოწინააღმდეგე პანკისელებს?

პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე პანკისელი უხუცესები პოლიციაში დაიბარეს და უთხრეს, რომ ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხეობაში ჰესი მაინც აშენდება.

„ამ მახინჯი კომუნისტური პრაქტიკიდან ვერ გამოვედით!

დღეს პანკისის „სახალხო კრებას“ ჰქონდა შეკრება ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე. ხოდა შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცავებმა რამდენიმე უხუცესი კახეთის სამხარეო პოლიციაში წაიყვანეს. ისევ დაშინების მცდელობები. პოლიტიკა არ იცვლება“, - დაწერა 29 იანვარს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პანკისის სათემო რადიო „WAY“-ს ჟურნალისტმა, ომალოელმა ისლამ გორგიშვილმა, რომელიც დიდი ხანია ამ საკითხს აშუქებს.

მისი სიტყვებით, თუ აქამდე პოლიცია ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს იბარებდა, ახლა უფროსებზეც გადავიდა და საქმე უხუცესებს გაურჩია. ამჯერად კახეთის სამხარეო პოლიციაში ისინი მოხვდნენ, ვინც შეკრებაზე ღიად გამოხატავდა პროტესტს „ხადორი 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ.

​მათ შორის იყო ვანია მუთოშვილიც. რადიო თავისუფლება მის ვაჟს, ზაურ მუთოშვილს ესაუბრა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ კრების შემდეგ მამამისს საპატრულო პოლიციამ შინ მოაკითხა და თელავში, სამხარეო პოლიციაში წაიყვანა.

რადიო თავისუფლება: რა უთხრეს პოლიციაში?

ზაურ მუთოშვილი: რა აზრი აქვს თქვენს წინააღმდეგობას, ჰესი მაინც აშენდებაო. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს! ხომ უნდა გადავსახლდეთ აქედან.

რადიო თავისუფლება: ხშირად იბარებენ ასე ხალხის პოლიციაში?

ზაურ მუთოშვილი: კი, ეს არ არის არც პირველი და არც ბოლო შემთხვევა, მაგრამ ჰესს აქ არ ავაშენებინებთ. აქ, ჯოყოლოში ყველა ასე ფიქრობს. ომალოშიც, დუისშიც, ბირკიანშიც.

ჰესების ამბავზე პოლიციაში ადგილობრივებს აქამდეც რომ იბარებდნენ, ამას ისლამ გორგიშვილიც გვიდასტურებს. ის მოგვითხრობს, რომ პოლიცია მუდმივად ცდილობს პანკისის ხეობაში ჰესების აშენების მოწინააღმდეგეებს როგორმე აზრი შეაცვლევინოს. ჰესების აშენებას პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ემხრობა, აბსოლუტური უმრავლესობა კი წინააღმდეგია როგორც 5 მეგავატიანი „ხადორი 3“-ის, ისე 27 მეგავატიანი „სამყურის წყალი 2“-ის აშენებისა. თუმცა, როგორც ჟურნალისტმა და აქტივისტმა სულხან ბორძიკაშვილმა უთრა რადიო თავისუფლებას, მოსახლეობას მუდმივად ეუბნებიან, რომ მათი წინააღმდეგობას აზრი არა აქვს.

"ასეთი ამაზრზენი სიტუაცია დიდი ხანია არ მინახავს... ადგილობრივმა პოლიციამ კახეთის სამხარეო პოლიციაში წაიყვანა ჰესის მშენებლობის იდეის მოწინაადმდეგე უხუცესები, ვინც იქ აზრი ღიად დააფიქსირა", - წერდა სულხან ბორძიკაშვილიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომპანია „ფერის“, რომელიც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს და განსაკუთრებით საქართველოს მთიან რეგიონებში ხშირად ხვდება მოსახლეობის წინააღმდეგობას, „ხადორი 3“-ის მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში უნდა დაესრულებინა, თუმცა როგორც პანკისელები ამბობენ, მშენებლობა ამ დრომდე სწორედ ხალხის პროტესტმა შეაჩერა.

რამდენიმე დღის წინ პანკისის ხეობის სოფლების ყველა ოჯახში თაბახზე დაბეჭდილი ახალი პირობების ჩამონათვალი ჩამოარიგეს. როგორც ისლამ გორგიშვილმა გვითხრა, ამ პირობებში საუბარი იყო გარკვეული სოციალური პრობლემების მოგვარებაზეცც. სწორედ ამ პირობების განსახილველად იყო შეკრებული 29 იანვარს სახალხო კრებაც.

ხეობის ხალხს არ მოსწონს, რომ ჰესი სოფელ ბირკიანთან ძალიან ახლოს, დაახლოებით ას მეტრში უნდა აშენდეს. შიშობენ, რომ ხეობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება.

პანკისელი უხუცესების პოლიციაში დაბარების ამბავს 30 იანვარს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც (EMC) გამოეხმაურა. EMC-ის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში დაბარებამ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკითხვამ და დაშინების მცდელობებმა უკვე პრაქტიკის ხასიათი მიიღო.

„პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის პროცესის ღია მხარდაჭერა შსს-ს მხრიდან და ამ პროცესში საპოლიციო აპარატისა და კონტროლის მექანიზმების გამოყენება არსებითად ეწინააღმდეგება სამინისტროს კანონით გათვალისწინებულ მანდატს, კომპეტენციებს და სამართლდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას ასუსტებს. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამოხატვა ხეობაში არსებითად მშვიდობიან ხასიათს ატარებს და ამ პროცესში შსს-ს ინტერვენციის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს“, - წერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პანკისის ხეობის მოსახლეობის დაშინებისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა და საკუთარი საქმიანობა, პანკისის ხეობაში.

ორგანიზაცია მიმართავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, მხედველობაში მიიღოს ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივების კრიტიკა და ადეკვატურად შეაფასოს ის საფრთხეები, რაც ხეობაში ჰესების მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს.

შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პოლიციაში დაკითხვაზე არავინ დაუბარებიათ, „უხუცესებს მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაუსვეს“.