NDI-ს დაკვეთით გამოკითხულთა უმეტესობის აზრით საქართველოში დემოკრატია არ არის

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) დღეს გამოაქვეყნა კვლევის, „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ პოლიტიკური ნაწილი. NDI-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უმეტესობის - 46%-ის აზრით, საქართველოში ამჟამად არ არის დემოკრატია. NDI-ს ინფორმაციით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ. საქართველოში დემოკრატიაა გამოკითხულთა 43%-ის აზრით, 11%-მა კი არ იცის. ამასთან, გამოკითხულთა 92% პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიაში ცხოვრება მნიშვნელოვანია. 53% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მმართველობის საუკეთესო ფორმა დასავლური ტიპის დემოკრატიაა.

NDI-ის დაკვეთით გამოკითხვა 6-20 დეკემბერს ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. გამოიკითხა 2205 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,1%-ია.