აშშ-ის საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის თაობაზე გამოძიება, რომელსაც სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი უძღვება, დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა მეტ უიტაკერმა.
უიტაკერის თქმით, მას გამოძიების თაობაზე სრული ინფორმაცია მოეპოვება და მისი უწყება „განიხილავს“ სპეციალური პროკურორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებლის ამ სიტყვებს კრიტიკით შეხვდნენ წამყვანი დემოკრატი კანონმდებლები, რომლებიც მოითხოვენ რობერტ მიულერის დასკვნითი ანგარიშის სრული სახით გამოქვეყნებას. მათ ორშაბათს სენატში შესაბამისი კანონპროექტი შეიტანეს. არსებული წესების მიხედვით, ანგარიშის ბედის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის სამინისტრო.
სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი 2017 წლის მაისიდან აწარმოებს გამოძიებას. მისი მიზანია, შეაფასოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მასშტაბი და პასუხი გასცეს შეკითხვას, არსებობდა თუ არა რაიმე გარიგება დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან იყვნენ კავშირში.
სპეცპროკურორმა ბრალდებები გამოუცხადა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ექვს თანამშრომელს, მათ შორის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს, და რუსეთის ოცდახუთ მოქალაქეს, რომლებსაც ძირითადად ბრალი ედებათ კიბეროპერაციებში ამერიკელ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მიზნით. ამერიკელთაგან ჯერჯერობით არავინაა ბრალდებული რუსეთის წარმომადგენლებთან გარიგებაში.