ოკუპირებულ აფხაზეთში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს ოკუპირებულ აფხაზეთში სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი. ის ზუგდიდის კლინიკაში 28 იანვარს მოათავსეს. ჰოსპიტლის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტის ქუთაისში გადაყვანა ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს. „მისი მდგომარეობა სტაბილურია. სხვას მეტს ვერაფერს გეტყვით“ - უთხრა რადიო თავისუფლებას სულხან ორჟონიამ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის კლინიკაში დაჭრილი პაციენტის გადაყვანის ფაქტი, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაატარეს მდინარე ენგურთან მდებარე ე.წ. საზღვარზე, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ 11 იანვარს დაკეტა "ღორის გრიპის" გამო.