"ეს შენ გეხება" ხელისუფლებაზე - "გამოიჩინოს პოლიტიკური ნება შანტაჟის საბოლოოდ აღსაკვეთად"

კამპანია "ეს შენ გეხება"-ს მონაწილე ორგანიზაციები პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების ამბავს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ:

"აღმაშფოთებელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ხდება მაშინ, როდესაც ეკა ბესელია იკავებს პრინციპულ პოზიციას სასამართლოში ძირეული რეფორმების საჭიროებასთან დაკავშირებით. აღმაშფოთებელია, თუ ფარული ჩანაწერების გავრცელების და შანტაჟის გზით კონკრეტული ადამიანები სასამართლოს რეფორმის შეჩერებას და სასამართლოში გაბატონებული მოსამართლეთა კლანის პროტექციას ცდილობენ.

იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდის განმავლობაში “ქართული ოცნება” სწორედ ქალი კანდიდატის მიმართ აგრესიულ რიტორიკასა და გენდერული ჭრილით თავდასხმას ასახელებდა საარჩევნო კამპანიის მთავარ პრობლემად, მნიშვნელოვანია, რომ მათ ეკა ბესელიას მიმართაც მსგავსი მიდგომები გამოიყენონ".

კამპანია "ეს შენ გეხება"-ს მონაწილე ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და "გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ფარული ჩანაწერებით შანტაჟის საბოლოოდ აღსაკვეთად".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ფარული ჩანაწერების გავრცელების არც ერთი გახმაურებული შემთხვევა არ გამოძიებულა და დამნაშავე პირები არ დასჯილან. დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს დანაშაულის გამეორებას და წახალისებას, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ასევე, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას".

განცხადების ავტორთა შეფასებით, "ზეწოლის თითქმის ყველა შემთხვევას ადგილი ჰქონდა პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მიმართ, განსაკუთრებით თუ ისინი ხელისუფლების მიმართ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ცხადია, ასეთი ქმედებები მიზნად ისახავდა არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატების, არამედ საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი წევრების დაშინებას. ბრძოლის ეს მეთოდები ყველაზე ხშირად აქტიური ქალების მიმართ გამოიყენება და გზავნილია ყველა ასეთი ქალის მიმართ".