ინაშვილი და თარხან-მოურავი პატრიარქს სთხოვენ არ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი მიმართავენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და წმინდა სინოდს თხოვნით, მხარი არ დაუჭირონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. მიმართვის ვრცელი ტექსტი ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა.

„ჩვენ გაოგნებული დავრჩით 2016 წელს მსოფლიო პატრიარქის მიერ კუნძულ კრეტაზე მოწვეული კრების გადაწყვეტილებებით, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის პავლე მოციქულის ეპისტოლეთა სულისკვეთებასთან და მე-6 მსოფლიო კრების დადგენილებებთან. კრეტის კრებამ უდავოდ გააჩინა ბზარი მართლმადიდებელთა შორის. სამწუხაროდ, ეს ბზარი მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას გადასცა განჩინება ავტოკეფალიის შესახებ. ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელია, რომ ეს განჩინება პირობას უქმნის უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობას“, - წერია მიმართვაში.

ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ფიქრობენ, რომ მათი აზრით, მსოფლიო პატრიარქმა სოხუმის მიერ შემუშავებულ სქემას უკრაინაში შეასხა ხორცი: „ცხადია, თქვენ იცით, რომ სერბი სამღვდელოება ღიად საუბრობს ამ სქემის განმეორების საფრთხეზე მაკედონიასა და ჩერნოგორიაში; ანტიოქიის ეკლესიასაც აშინებს ამავე სქემის განმეორება ლიბანში. სოხუმი კი ამ სქემის ხორცშესხმის მოლოდინშია“, - წერენ მიმართვის ავტორები.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალზედ გულნატკენნი ვართ რუსეთის სახელმწიფო და საეკლესიო პოლიტიკით სოხუმსა და ცხინვალში, მოწიწებითა და თავმდაბლობით გთავაზობთ,- რუსეთს უკრაინაში ვუპასუხოთ საპირისპირო ქმედებით, ვუპასუხოთ კანონიკური, სამართლიანი და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური პოზიციით, ანუ ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ მსოფლიო პატრიარქის ქმედებანი უკრაინაშიც და 2016 წლის კრეტის კრებაზეც. ჩვენი აზრით, ეს მართებული იქნება რელიგიური თვალსაზრისით და, ამავდროულად, პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით სიკეთის მომტანიც იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის“ - ვკითხულობთ მიმართვაში.