„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის განცხადების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

დავით ერაძის სახლისა და აივნის დათვალიერების შემდეგ პოლიციამ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის სპორტული ჟურნალისტის, დავით ერაძის განცხადების გამო გამოძიება დაიწყო.

ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მისი სახლის კარს ნატყვიარები ემჩნევა, აივანზე კი მისმა მეუღლემ მასრა იპოვა.

„როდესაც მეუღლე გავიდა აივანზე დასალაგებლად, შეამჩნია ჯერ ნატყვიარი აივნის კარზე და მერე შემთხვევით ნახა მასრა. რომ დავინახე ეს ტყვია, ვუთხარი ისევ დაედო თავის ადგილზე. როდესაც დავრწმუნდი,რომ ეს არ იყო საახალწლო გართობა დავრეკე პოლიციაში“, - ამბობს დავით ერაძე.

დავით ერაძის სახლისა და აივნის დათვალიერების შემდეგ პოლიციამ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-შეძენას გულისხმობს.

“შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს“, - აღნიშნავს „რუსთავი 2“ მომხდარი ფაქტის გაშუქებისას.