სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი მშენებლობის ადგილის შეცვლას დათანხმდა

მოხარული ვარ, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები, მადლობა მერიას, რომ დაძაბულობა და დაპირისპირება მოგვაშორა, - განაცხადა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელმა გოგა ზაქაიძემ თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ვაკის პარკში დაგეგმილი სასტუმროს მშენებელი კომპანიის მფლობელის განცხადებით მერიის შეთავაზება ადეკვატური იყო და კომპანიისთვის მერიის წინადადება მისაღები იყო.

„მოხარული ვარ, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები. მერია წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო, რომ დაძაბულობა და დაპირისპირება მოგვაშორა. მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ კონკრეტულ ობიექტებზე შევთანხმდებით. ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომ ამოვარჩიოთ ჩამონათვალიდან, რომელი ობიექტი უფრო გვაწყობს. რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროცესს. ჩანაცვლება ან გამოსყიდვა ჩვენ გვაკმაყოფილებს, უბრალოდ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. მე შევხვდები ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს, რომ ერთად გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს წავა ჩვენი ინტერესი.“

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებელი კომპანიის მფლობელის განცხადებით, სასამართლო დავის და მშენებლობის ნებართვის აღდგენის ნაცვლად, შეთანხმების გაფორმება არჩიეს.

„ჩვენთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ბიზნესს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთებთ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთაწმინდაზე, ვარკეთილში თუ გლდანში. იქ არის საინტერესო ვარიანტები, თუმცა ამ ეტაპზე ადგილმდებარეობას ვერ დავაკონკრეტებ“, - განაცხადა გოგა ზაქაიძემ.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. შესაბამის შეთანხმებას დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სასტუმროს მფლობელმა გოგა ზაქაიძემ და მერმა კახა კალაძემ მიაღწიეს.