საქართველომ დროებით პრეზიდენტად აღიარა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე

საქართველომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ეს განცხადება Twitter-ით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა.

საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებას და ვენესუელელი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“, – წერს ზალკალიანი.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი და ფიცი დადო.

კარაკასში გამართულ მიტინგზე ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, შეწყვიტოს ხელისუფლების უზურპაცია, შექმნას გარდამავალი მთავრობა და ჩაატაროს პატიოსანი საპრეზიდენტო არჩევნები.ვენესუელაში გრძელდება აქციები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.

მედიის თანახმად, ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისათვის აღიარეს: აშშ-მა, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პერუმ, პარაგვაიმ, გვატემალამ, კოსტა რიკამ და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ.