დატოვა თუ არა სისტემამ უყურადღებოდ 4 წლის გოგონა?

ბარაკი, სადაც 4 წლის გოგონა ცხოვრობდა

4 წლის ნინო 22 იანვრის დილას, საკუთარ საწოლში, დედის გვერდით გარდაიცვალა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ გოგონას ოჯახის წევრები, მათ შორის მისი მამობილი, არკადი ზავაშვილიც. გოგონა სანზონაში, ზიგზაგის ქუჩაზე, პოლიციის შენობის უკან მდებარე ბარაკში გარდაიცვალა. ამ ბარაკში, გარდაცვლილ გოგონასთან ერთად, კიდევ სამი ბავშვი ცხოვრობდა. 22 იანვარს ორი მათგანი სოციალური მომსახურების სააგენტომ მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ბარაკს ისევ ეტყობა ბავშვების კვალი - დამტვრეული ჭოჭინა, რბილი სათამაშოები, დაჩუტული ბურთები. თოკზე გაფენილი სარეცხი. ბარაკის ეზო ჯართითა და მუყაოს ყუთებითაა სავსე.

როგორც გოგონას მამობილი ყვება, გოგონა გაციებული იყო და ახველებდა. მისი მტკიცებით, სწორედ ეს გახდა 4 წლის ბავშვის სიკვდილის მიზეზი: „დილით რომ ავდექი, ბავშვი ხროტინებდა, ცოლს ვუთხარი, მიხედე მეთქი და დანარჩენი ბავშვები რომ გაიღვიძებენ, წამალს მერე დავალევინებო“.

მეზობლების ვარაუდი

სრულიად სხვა ვერსია აქვთ გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზავაშვილების მეზობლებს. როგორც ისინი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, 4 წლის გოგონა და ამ ოჯახში მცხოვრები კიდევ ერთი, 6 წლის ბიჭი, მუდმივი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ.

გოგონა დაბადებიდან მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. რამდენიმე თვის წინ მიუხედავად უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, ბავშვი ბიოლოგიურმა დედამ, დაიბრუნა.

ირაკლი დოლიძე ზავაშვილების ბარაკის გვერდით მდებარე სტამბაში მუშაობს. ამბობს, რომ პირადად მას არაერთხელ გამოუძახებია საპატრულო პოლიცია, რადგან როგორც ის გვიყვება, ზავაშვილების სახლიდან სისტემატურად გამოდიოდა ბავშვების განწირული კივილი. მისი თქმით, მეზობლებს ხშირად შეუნიშნავთ ბავშვების სხეულზე დაზიანებები და სილურჯეები: „ამ ტერიტორიაზე არკადი ზავაშვილი 2011 წელს დასახლდა. ეს ქალი რამდენიმე წლის წინ მოიყვანა ცოლად. ქალი აქ საცხოვრებლად საკუთარ შვილებთან ერთად გადმოვიდა და ცოტა ხნის წინ საერთო შვილიც შეეძინათ. ცოლ-ქმარი სისტემატურად ჩხუბობდა ერთმანეთში, იყო ცემა-ტყეპა. ცემდნენ 6 წლის ბიჭს. ამ გოგონას არსებობა კი რამდენიმე თვის წინ შევიტყვეთ. სოციალურმა აგენტმა [სოციალური მუშაკი - რადიო თავისუფლება] იცოდა ამ ოჯახის მდგომარეობის შესახებ. აგენტი რომ მოვიდა, გვთხოვა, შემომყევით, მარტო ვერ შევალო. აგრესიული ოჯახია. პატრულის შეურაცხყოფისათვის 2018 წლის ზაფხულს ცოლ-ქმარი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა“. მეზობლის მიერ ნახსენებ ცოლ-ქმრის დაჯარიმების შესახებ, შს სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მამობილის ვერსია გოგონას სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებებზე

​კატეგორიულად უარყოფს გოგონაზე ძალადობის ფაქტს მისი მამობილი. ის ამბობს, რომ ბავშვი იმიტომ ტიროდა ხოლმე, რომ წყლის ეშინოდა და ბანაობა არ უყვარდა.

ეზოში მიყრილ პლასტმასის დამტვრეულ ტაშტებზე მიგვითითებს და გვეუბნება, რომ ამ ტაშტებს ბავშვი სწორედ ბანაობისას ამტვრევდა: „სილურჯეები ბავშვს ბანაობისას უჩნდებოდა ხოლმე. დედა რომ აბანავებდა, ხან წაექცეოდა, ხან აბაზანის კედელს მიეჯახებოდა. ქოთანზე ჯდომაც კი არ უნდოდა, ნახეთ, სულ დამტვრეული ქოთნებია. ჩემი ცოლი არ სცემდა, უბრალოდ, ბავშვს წყალზე ალერგია ჰქონდა და როგორც კი წყალი ესხმებოდა, კივილს იწყებდა. ეს კივილი მეზობლებს ესმოდათ და ეგონათ, რომ ბავშვს ჩემი მეუღლე სცემდა“, - ამბობს გოგონას მამობილი.

არკადი ზავაშვილის თქმით, გოგონა ბიოლოგიურ ოჯახში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მინდობით აღმზრდელი ოჯახიდან მისი გაშვილება გადაწყდა: „ცოლმა მითხრა, კიდევ ერთი ბავშვი მყავს, მის გაშვილებას აპირებენ და სახლში უნდა მოვიყვანოო. რა თქმა უნდა მეთქი. წავიდა და მოიყვანა“.

მამობილის თქმით, სოციალური მუშაკი ოჯახში ერთხელ იყო მისული, მაშინ, როდესაც ბავშვი მათთან გადავიდა საცხოვრებლად.

სიკვდილამდე 16 დღით ადრე გოგონა საავადმყოფოში აღმოჩნდა

6 იანვარს, მას შემდეგ, რაც მეზობლებმა ზავაშვილების ოჯახში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, გოგონა სამართალდამცველებმა საავადმყოფოში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მამობილი ამბობს, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მათ შორის გულყრა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები და სწორედ ამიტომ მოხვდა ის საავადმყოფოში: „საავადმყოფოში ბავშვი გააშუქეს და თქვეს, რომ ნაცემი არ არისო. თუმცა, ბავშვი ორ დღეში წამოვიყვანეთ, რადგან არ მქონდა ფინანსური სახსრები, რომ მკურნალობის თანხა გადამეხადა“.

რას ამბობს ბავშვის მკურნალი ექიმი

იაშვილის კლინიკის ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი ამბობს, რომ პაციენტს საავადმყოფოში მიყვანისას მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმული დაზიანებები: „ბავშვს მოყვანისას თან ახლდა საპატრულო ეკიპაჟი. გოგონას ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც, რაიმე ტიპის სერიოზული დაზიანება ვერ ვნახეთ. თუმცა, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა საჭიროებდა მის სტაციონარულ მეთვალყურეობას, შესაბამისად, ის მოთავსდა ჩვენი კლინიკის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში. ბავშვთან კომუნიკაციის დამყარება იყო გართულებული. ძირითადი ჩივილები შემოიფარგლებოდა ზოგადი ტრავმული დაზიანებებით, ტკივილებით და იმყოფებოდა სიმპტომური მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ სოციალურ სააგენტოს და ბავშვის გაწერის დღეს, 8 იანვარს, სოციალური მუშაკი იმყოფებოდა ადგილზე“.

ნინო თარხნიშვილის თქმით, ბავშვს აღენიშნებოდა განვითარების გლობალური შეფერხება, თუმცა, ის დაზიანებები, რომელიც ბავშვს ჰქონდა სხეულზე, ამ დაავადებასთან შესაბამისობაში არ ყოფილა.

გამოძიებამ გოგონას დედა დააკავა

გოგონას გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, 22 იანვარსვე დააკავეს ბავშვის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

რატომ არ იფიქრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ორდერის აღსრულებაზე? ჩანს, რომ ბავშვი სისტემამ უყურადღებოდ დატოვა. ცხადია, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და წინასწარ ვერაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ფაქტია, რომ უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე...
ანა არგანაშვილი

ანუ, ამ ეტაპზე, გამოძიება ბავშვის დედას ედავება იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას, რომელიც საპატრულო პოლიციამ ქალს 6 იანვარს გამოუწერა. როგორც შსს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 6 იანვარს გამოძიება დაიწყო ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით: „შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვნის დედა. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს. საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით. ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, ბავშვის დედის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი“, - წერია შსს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა, ბავშვი კვლავ დედის გვერდით დარჩა...

მოიკითხა თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტომ 8 იანვრის შემდეგ, ანუ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, გოგონა, ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებენ. სააგენტოს აუდიტის სამსახურის უფროსი კახა ძიმისტარაშვილი მხოლოდ და მხოლოდ იმას ამბობს, რომ 4 წლის ბავშვის გარდაცვალებასა და ამ საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოში მოკვლევა დაიწყო, დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორ დაბრუნდა გოგონა მინდობით აღმზრდელი ოჯახიდან ბიოლოგიურ ოჯახში

რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაბრუნდა 4 წლის გოგონა ბიოლოგიურ დედასთან, ოჯახში, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და სადაც ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის უმძიმესი პირობებია, მარი წერეთელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გოგონას ოჯახთან თანამშრომლობის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახის სოციალური მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებული იყო და სწორედ ამიტომ გადაწყდა ბავშვის ოჯახში დაბრუნება: „მათ ჰქონდათ წინსვლა, მამა დასაქმდა. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ბავშვები ბიოლოგიური ოჯახიდან უნდა გავიყვანოთ. ოჯახის დანარჩენი ბავშვები ცხოვრობდნენ იმავე პირობებში, ბავშვების ჰიგიენური ნორმები იყო ყოველთვის დაცული. გოგონას ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს ჰქონდა მიჯაჭვულობა მშობლებთან და და-ძმასთან, რადგან ის ამ ოთხი წლის განმავლობაში ხშირად მიჰყავდა ბიოლოგიურ დედას სახლში, იყო მზრუნველი დედა, ჩართული იყო ბავშვის განვითარებაში, გადაწყდა, რომ ის უნდა გაზრდილიყო ბიოლოგიურ დედასთან“.

მარი წერეთლის მტკიცებით, სოციალურ სამსახურს არასდროს დაუფიქსირებია ზავაშვილების ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნები, როგორც გარდაცვლილი გოგონას, ისე სხვა არასრულწლოვნების მიმართ: „ამ ოჯახში ძალადობის შესახებ 6 იანვრამდე შეტყობინება არ შემოსულა. ხდებოდა ოჯახის აქტიური მონიტორინგი“.

დედა დუმილის უფლებას იყენებს

გარდაცვლილი გოგონას დედა ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი ადვოკატის, ნინო ტაბატაძის თქმით, ქალი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს: „ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ და საქმის მასალები ჯერ არ გადმოუციათ, შესაბამისად, ოფიციალურად რა ფაქტზე დაიწყო ძიება, არ ვიცი. როგორც პროკურორმა გადმომცა ინფორმაცია, ის დაკავებულია შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის. რადგან არ ვიცით ოფიციალურად რას ედავებიან, საერთოდ ვიყენებთ დუმილის უფლებას, თუ რას არ აღიარებს, საქმის მასალებს რომ მივიღებთ, შემდეგ დავაფიქსირებთ“.

უფლებადამცველი ანა არგანაშვილისათვის გაუგებარია, როგორ დაუშვა სოციალური მომსახურების სააგენტომ 6 იანვრის შემდეგ ბავშვის კვლავ იმ ოჯახში დაბრუნება, სადაც მას სხეულზე ფიზიკური დაზიანებების კვალი აღმოუჩინეს. ასევე გაუგებარია მისთვის, როგორ დაუშვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის იმ ქალთან დატოვება, რომელსაც შემაკავებელი ორდერი გამოუწერა: „რატომ არ იფიქრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ორდერის აღსრულებაზე? ჩანს, რომ ბავშვი სისტემამ უყურადღებოდ დატოვა. ცხადია, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და წინასწარ ვერაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ფაქტია, რომ უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე“.

გოგონას ცხედრის გამოკვლევა ლევან სამხარაულის კლინიკაში უკვე დასრულებულია. მისი ცხედარი ბიუროდან ჯერ არ გადაუსვენებიათ. როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს სამხარაულის კლინიკის პრესსამსახურში, გრძელდება ლაბორატორიული კვლევა, რომელიც, სავარაუდოდ 30 სამუშაო დღეს გასტანს. სწორედ ამის შემდეგ დადგინდება გოგონას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი და დასკვნა გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს.

როდის გადაასვენებს ოჯახი სამხარაულის ბიუროდან გოგონას ცხედარს, ჯერჯერობით უცნობია: "თქვენც ხომ ნახეთ, სახლში ცხედრის დასვენების საშუალება არ მაქვს და არ ვიცი, როგორ მოვიქცე", - ამბობს მამობილი.