მამუკა ბახტაძე იუმორს უწოდებს კახა კალაძის განცხადებას „გამოქანების“ შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადება ხაბეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის თბილისის ანძიდან და ჰოლანდიიდან გამოქანების შესახებ იუმორია და „იუმორი არის ძალიან კარგი“.

„მე მარტივად გიპასუხებთ, რაზეც პასუხი არაერთხელ გამიცია: ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად რაც ჩვენ უკანასკნელ არჩევნებში გვქონდა, ეს იყო სიძულვილის ენა და ეს არის მიუღებელი. ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინ იყო, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის კახასიც, პოზიცია იყო, არის და იქნება ის, რომ სიძულვილის ენა მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების დიდი ნაწილი განაგრძობს იმავე რეჟიმში ცხოვრებას იმიტომ, რომ ეს მათი ცხოვრებისეული ფასეულობაა. ამასთან ერთად, არსებობს იუმორიც და იუმორი არის ძალიან კარგი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

18 იანვარს თბილისის მერი კახა კალაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას თბილისის მერის დაკითხვის აუცილებლობაზე, ასე გამოეხმაურა: "ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით, ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ეს არის ერთი ტიპის ადამიანები და განცხადებებიც და მესიჯებიც არის ერთგვარი. ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ და შეუძლიათ ეს ადამიანები ვინც ჩამოვთვალე, აბრძანდნენ და გამოექანონ. ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- თქვა თბილისის მერმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კახა კალაძის დაკითხვას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძის განცხადება დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით “არ იყო დედაქალაქის მერის განცხადება და ის უფრო ჰგავდა დამნაშავე ბიზნესმენის პოზიციას, რომელიც თავის გამართლებას ცდილობს“.

18 იანვარს, თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში უნდა მოუხადოს ხალხს იმ მდგომარეობის გამო, რომელიც ბოლო წლებში დედაქალაქში შეიქმნა: "ეს ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, ვაკის პარკში გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა; ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და სამშენებლო ნებართვა გასცა; ადამიანები, ვინც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მოედანი გაასხვისა და მისცა მშენებლობის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. შესაბამისად, ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრების პროცესში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი“.