ადვოკატი: ჯერჯერობით უცნობია, რას ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, „ყაზტრანსგაზ - თბილისის" თანამშრომლის, თორნიკე ტატიშვილის ადვოკატის თამარ ჯაფარიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ჯერჯერობით ჩვენება არ მიუცია და შესაბამისად, უცნობია, რას ედავება თორნიკე ტატიშვილს გამოძიება: "ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. როგორც ვიცი სამსახურში დააკავეს. ჯერ არ გავსაუბრებივარ, არც ჩვენება მიუცია, უბრალოდ დოკუმენტაციას ამზადებენ. ჯერ არ ვიცით რას ედავებიან", - აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე 18 იანვარს ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” ორი თანამშრომელი დააკავეს. საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას დიდ დიღომში, 16 იანვარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 8 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია:სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები.