ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორ მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს მედალს ჩამოართმევენ

დავით მოძმანაშვილი

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის ვერცხლის მედლის დაბრუნება მოუწევს. მიზეზი დოპინგტესტის შედეგია - ექვსი წლის წინ აღებულმა სინჯმა დადებითი პასუხი აჩვენა დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონზე (ტურინაბოლი) და სპორტსმენს მიესაჯა დისკვალიფიკაცია.

მოძმანაშვილისთვის ეს პირველი დოპინგსკანდალი არაა და, შესაბამისად, უმკაცრესი სასჯელი ელის - სამუდამო დისკვალიფიკაცია. ქართველი მძიმეწონოსანი პირველად აკრძალული პრეპარატის მიღებაში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შემდეგ ამხილეს. 21 წლის მოძმანაშვილი ტამპერეში გამართულ ევროპირველობაზე ჩემპიონი გახდა, მაგრამ მოგვიანებით ოქროს მედალი ჩამოართვეს და ორწლიანი დისკვალიფიკაციითაც დასაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ საქართველოს ნაკრებშიც დაიბრუნა ადგილი და 2011 და 2012 წლებში მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა.

2016 წელს დავით მოძმანაშვილის შესახებ ისევ გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია, ოღონდ სკანდალს საერთაშორისო მასშტაბი აღარ მიუღია და სპორტსმენს, შიდა სანქციით, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.

2017 წელს მოძმანაშვილმა უზბეკეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრების რიგებში გახდა აზიის თამაშებისა (2017) და აზიის (2018) ჩემპიონი.