"ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო პასუხისმგებლობა მაგნიტოგორსკში სახლის აფეთქებაზე

მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული სახლი

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი სახლის აფეთქებაზე - ამის შესახებ არაბულ გაზეთ Al Naba-ზე დაყრდნობით იუწყება SITE Intelligence Group-ი, რომელიც მონიტორინგს უწევს ინტერნეტსივრცეში ტერორისტული ორგანიზაციების აქტივობას. არაბული გაზეთის ცნობით, იმის მიზეზად, რომ პასუხისმგებლობა აფეთქებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ აიღო, „ისლამური სახელმწოფო“ ასახელებს შემსრულებელთა უსაფრთხოებას.

მაგნიტოგორსკში, ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა 2018 წლის 31 დეკემბერს. დაიღუპა 39 ადამიანი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მთავარ ვერსიად განიხილავს ბუნებრივი გაზის აფეთქებას. ამასთან, რუსული ინტერნეტგამოცემები Znak.com და 74.ru სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ სავარაუდო ტერაქტის შესახებ.