წითელას ეპიდაფეთქების იმერეთის არეალში 68 ადამიანი დაავადდა

პირველი იანვრიდან 17 იანვრამდე პერიოდში იმერეთის რეგიონში წითელას მწვავე ინფექციით დაავადდა 68 ადამიანი, მათგან 36 ქუთაისში - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა რეგიონში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ლია შეყილაძემ. მისი ინფორმაციით, დაავადებულთა დაახლოებით 60% ერთიდან თხუთმეტ წლამდე ასაკისაა, დანარჩენები კი 40 წლამდე. ლია შეყილაძის ცნობითვე, წითელათი დაავადებულთა 80% აცრილი არ ყოფილა. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს იმერეთში წითელათი დაავადდა 470 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. პირველი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით დაფიქსირდა დაავადების 312 შემთხვევა. ცენტრის მონაცემებით, ამ მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების ძირითადი არეალებია იმერეთი, სამეგრელო და კახეთი.