სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მიუსამძიმრა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებით გამოწვეული მსხვერპლის გამო. საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ხალხს, დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ნათესავებს და უსურვა სიძლიერე და მოთმინება, ხოლო დაზარალებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 8 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.