ანასტასია - ტრანსგენდერი მომღერალი ბათუმიდან

Your browser doesn’t support HTML5

ანასტასია პირველი ტრანსგენდერი ქალია საქართველოდან, რომელსაც ევროვიზიაზე სურდა მონაწილეობის მიღება. ის კონკურსს ერთი სიმღერის შემდეგ გამოეთიშა. ამბობს, რომ შოუში თავად კონკურსის ორგანიზატორებმა მოიწვიეს, პირველი სიმღერაც მათ შეურჩიეს და როცა შემდეგ ტურში ვერ გადავიდა, მიზეზი მკაფიოდ არ აუხსნეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მის მონაწილოებას შოუში მონაწილეობა ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს შეასუსტებდა და ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა. ინტერნეტში შეიქმნა პეტიციაც, რომლის ხელისმომწერებიც ანასტასია პირველის შოუში დაბრუნებას ითხოვენ. "მასშტაბური ცნობადობა ტრანსგენდერი ქალის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ამ საფრთხის გამო ანასტასიას არც ადრე მიუღია რომელიმე სატელევიზიო შოუში მონაწილეობა და არც სამომავლოდ აპირებდა, რომ არა “საქართველოს ვარსკვლავის” ორგანიზატორების დაინტერესება. “საქართველოს ვარსკვლავის” ორგანიზატორებმა დაარწმუნეს ანასტასია მიეღო შოუში მონაწილეობა იმ იმედით, რომ მეორე ტურში გადავიდოდა. ანასტასია შეძლებდა რამდენიმე სიმღერის შესრულებას და ყველაზე მძიმედ სტიგმატიზებული ჯგუფის, ტრანს ადამიანების მხარდაჭერის შესაძლებლობა ექნებოდა. ანასტასია იმედოვნებდა, რომ მისი გამოჩენა ხელს შეუწყობდა ლგბტ ადამიანების მიმართ სიძულვილის შემცირებას. საჯარო თუ პირადი დაპირებების მიუხედავად, გაუგებარი მიზეზების გამო, ანასტასია ჩახსნეს შოუდან ისე, რომ დროულად არც კი გააგებინეს ამის თაობაზე. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლგბტ ადამიანებს ჰპირდებიან, რომ შოუს გარკვეულ ეტაპამდე მიაღწევენ, უქმნიან ცრუ მოლოდინებს და შემდეგ შოუდან ხსნიან [მაგალითად, მსგავსად მოექცნენ პაკო ტაბატაძეს 2007 წელს, რომელიც რეალითი შოუში “ბარი” მონაწილეობდა]. ამგვარი არაკეთილსინდისიერი ქმედება, განსაკუთრებით მიუღებელია იმ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც კანონი ავალდებულებს, რომ მრავალფეროვნებასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებულ მიდგომას საზოგადოებაში თავად უნდა ნერგავდეს." - ნათქვამია პეტიციაში, თავად ანასტასია კი ამბობს, რომ წარსულზე ლაპარაკს მომავალზე ფიქრი ურჩევნია.