გორში მერიის მაღალჩინოსნის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

გორის ქუჩებში, ბოძებსა და ნაგვის ურნებზე გააკრეს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თემურ მანველიშვილის ფოტოები. ფოტოებზე, რომლებიც სოციალური ქსელებითაც ვრცელდება, მანველიშვილს თავზე ფუნა ადევს. პლაკატების დამზადების და გაკვრის ინიციატორები ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ.

2018 წლის ოქტომბერში, გორის მერიასთან საპროტესტო აქციაზე თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა დაამხო. მაქარაშვილი აპროტესტებდა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომის დროს ცხინვალი გორიდან დაიბომბა. აქციის დროს გიგა მაქარაშვილმა გორის მერიის შენობასთან ფუნა და ხორბალი დაყარა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აქციის დასრულების შემდეგ მაქარაშვილი ტერიტორიას ასუფთავებდა. სამართალდამცავებმა გამოძიება ცემის მუხლით დაიწყეს, თუმცა, უფლებადამცველები მოითხოვდნენ საქმის წარმოებას არაადამიანური მოპყრობის მუხლით. გორის მერიაში დაწყებული დისციპლინური წარმოების შედეგად, მერმა თემურ მანველიშვილს საყვედური გამოუცხადა. გიგა მაქარაშვილმა თემურ მანველიშვილს პროკურატურაში უჩივლა.