უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერად საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საქართველოს ეკლესიის წევრების სახელით ინტერნეტში უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი პეტიცია ვრცელდება. პეტიციის ავტორები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიმართავენ და სთხოვენ უკრაინის ახლად დაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას და უკრაინის ეკლესიასთან ევქარისტიულ ერთობაში შესვლას.

„საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი შვილები გულისყურითა და სიფრთხილით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პროცესებს... ვეცნობით რა ყველა სიახლეს განვითარებული მოვლენების ირგვლივ, პასუხისმგებლობით ვეკიდებით მართლმადიდებელი აღმსარებლობის შეურყვნელად დამოწმებას. განვითარებული მოვლენები კი საზოგადოებას უფრო მეტი ინდიფერენტულობით განაწყობს რწმენისადმი. იმპერიალისტური მიზნები და პირველობისთვის ბრძოლა კი შესაძლოა, საფუძველი გახდეს მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე ახალი საეკლესიო განხეთქილებისა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოქმნილი დავა არადოქტრინალურ ხასიათს ატარებს... შესაბამისად, ამ საკითხისადმი ჩვენი ეკლესიის ღირსეულ და სამართლიან დამოკიდებულებად მივიჩნევთ საეკლესიო ერთობის შენარჩუნებისთვის სამართლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური თუ სუბიექტური სირთულეების მიუხედავად, უკრაინის ახლადდაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობითა და მათთან ევქარისტიულ ერთობაში შესვლით უნდა იქნეს დამოწმებული“

სრული ტექსტის ხილვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

პეტიცია „უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი წერილი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს“ 15 იანვარს გამოქვეყნდა change.org-ზე.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, ტომოსი 6 იანვარს გადასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა მოხდა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი.

საქართველოს ეკლესიის სინოდს ერთიანი განცხადება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.