მცხეთის ჯვრის მონატრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა, განმარტავს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. მისივე თქმით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან: „მე ვიცი, რომ მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი სწორედ გარემოვაჭრეების ფაქტორია. იქ არის ძალიან მოუწესრიგებელი მდგომარეობა, დახლები, რომელიც ამახინჯებს და ქმნის მონასტრისათვის შეუსაბამო გარემოს. არამგონია, გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება მიეცეთ. მე რამდენადაც ვიცი, გარემოვაჭრეების ასეთი სიმრავლე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მონასტრისთვის. უნდა მოწესრიგდეს მდგომარეობა, ასეთია პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ ეს მონასტერი დიდი ყურადღების ცენტრშია და მას სხვადასხვა რანგის სტუმრები სტუმრობენ და ტურისტთა ნაკადიც დიდია, ამიტომ ბუნებრივია წინამღძვარი გარემოს მოწესრიგებას ითხოვდეს“, - განმარტავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.