ეკა ბესელია: ვერავინ მასწავლის გუნდურობას

გუნდურობა მე არ მესწავლება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ეს არ არის მოკლე პერიოდი, ეს არის მთელი შვიდი წელი (2011 წლიდან თუ ავიღებთ). მე მგონია, როგორღაც მოვახერხე ჩემი საჯარო აქტიურობით თუ საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მეჩვენებინა, რომ მე არა ვარ ადამიანი, რომელიც საუბრობს გარეთ შიდა თემებზე, რომელიც ჭორაობს ან რომელიც ახმოვანებს იმას, რაც არ არის გასახმოვანებელი. მაგრამ არც ის ადამიანი, ვარ, რომელიც, როცა მოქალაქეებსა და საკუთარ ხალხს ესაუბრება, ატყუებს. მე ვთქვი ის, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება (პოსტის დატოვების თაობაზე), მიუხედევად იმისა, რომ ეს ზოგიერთ ჩემს კოლეგას თუ თანაგუნდელს არ მოეწონა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, საჭიროა, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ისეთი საკითხები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა შეიძლება დარჩეს და საკითხები, რომლებზეც საჯაროდ ლაპარაკია აუცილებელი.

„უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს მისი სახელით და რატომ. თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს, ვინ იქნება მისი და მისი მომავლის განმსჯელი მოსამართლე - იქნებიან ისინი მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები თუ იქნებიან მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ მაღალი სანდოობა, შეუვალობა, პრინციპულობა, ავტორიტეტი და ისეთი წარსული, რომელიც არ არის დაკავშირებული სასტიკ ძალადობრივ რეჟიმთან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.