თბილისის სპორტის სასახლეში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა ჭიდაობის ფინალი

ჭიდაობაში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატზე ინციდენტი მოხდა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 87 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრისას, ერთ-ერთი ფინალისტი - ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და მისი მწვრთნელი მსაჯებს დაუპირისპირდნენ, რასაც დათუნაშვილისა და მეორე ფინალისტის - ასევე ევროპის ჩემპიონ რობერტ კობლიაშვილის მხარდამჭერებს შორის ჩხუბი მოჰყვა. საქმეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა და თბილისის სპორტის სასახლის დაცვის სამსახური ჩაერია და ინციდენტი რამდენიმე წუთში განიმუხტა.

ზურაბ დათუნაშვილი შეჯიბრების ორგანიზატორებმა ჩემპიონატიდან მოხსნეს. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, გიორგი კიკაბიძის განცხადებით, მომხდარ ფაქტზე სადისციპლინო კომისია უახლოეს დღეებში იმსჯელებს.