რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის, ასლანბეკ დადაევისთვის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის საქმეზე ადამიანის უფლებათა სწავლების და მინიტორინგის ცენტრმა (EMC) სასამართლოში უჩივლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ასლანბეკ დადაევი საქართველოში არ შეუშვა 2018 წლის 7 ნოემებრს.
EMC-ს შეფასებით, უარი უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, საქმეში იკვეთება გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ნიშნები.
ასლანბეკ დადაევი 14 წელია რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროში მუშაობს და აქტიურად აშუქებს ჩრდილოეთ კავკასიის ამბებს. პროფესიული საქმიანობის გამო, მას ხშირად უწევდა სამუშაო ვიზიტები საქართველოში და აქტიურად წერდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კულტურის საკითხებზე. 2018 წლის შემოდგომაზე, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს ასლანბეკ დადევი მასალას ამზადებდა პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე.
საქართველოში ბოლო ვიზიტიდან მალევე, მას კვლავ სურდა ქვეყანაში დაბრუნება, თუმცა 2018 წლის 7 ნოემბერს ის საზღვარზე არ შემოუშვეს. უარის საფუძვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დადაევი არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. სამინისტროს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი კანონმდებლობის, რა სახის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა დადევი.
EMC მიიჩნევს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, რომლის თანახმადაც, „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, ამკვიდრებს თვითნებურ ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც შსს-ს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების უკანონო და ზოგჯერ დისკრიმინაციული შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს.