სომხეთი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივის ძებნას განაგრძობს

საქართველოს სამხედრო გზა

სომხეთი განაგრძობს მოლაპარაკებებს ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივის მოსაძიებლად - ამის შესახებ, როგორც სომხეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ერევანში განაცხადა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აკოპ არშაკიანმა. მან მოლაპარაკების დეტალები არ დააკონკრეტა. არშაკიანის ინფორმაციით, პროცესი გრძელდება სამმხრივი ფორმატით, რადგან ზემო ლარსი უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-საქართველოს საზღვარია. არშაკიანის განცხადებით, რაიმე შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. სტეფანწმინდა-ლარსის ავტმაგისტრალი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომლითაც სომხეთი რუსეთს უკავშირდება საქართველოს გავლით. ეს გზა უამინდობის გამო პერიოდულად იკეტება. აკოპ არშაკიანის განცხადებით, ალტერნატივის ძიებისას საუბარი არ არის ფოთი-ნოვოროსიისკის საბორნე გადასასვლელზე, რომელსაც სომხეთი აუცილებლობის შემთხვევაში იყენებს.

ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა უკომენტაროდ დატოვა ჟურნალისტების შეკითხვა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები სომხეთის მოქალაქეებისგან ფულს ითხოვენ. არშაკიანმა მხოლოდ ის თქვა, რომ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრთან ბოლო შეხვედრისას მიღებული ინფორმაციით, იგეგმება საკონტროლო-გამშვები პუნქტების, მათ შორის ზემო ლარსის მოდერნიზაცია. 2018 წლის მარტში, სომხეთის ტრანსპორტის იმჟამინდელმა მინისტრმა ვაჰან მარტიროსიანმა განაცხადა, რომ ალტერნატივა არ არის მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთსა და აფხაზეთზე გამავალი გზები. მარტიროსიანი მაშინ იმასაც აცხადებდა, რომ 2018 წელს დაიწყებოდა ზემო ლარსზე გვირაბის მშენებლობა.