ყოფილი რუსი ოლიგარქის, ოპოზიციონერი აქტივისტის, მიხაილ ხოდორკოვსკისთვის დასაქმებულმა გამომძიებლებმა გაეროს მოუწოდეს, ესწრაფოს სანდო გამოძიებას საქმისა, რომელიც ეხება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წელს სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას. 10 იანვარს, ლონდონში გამართული პრეს-კონფერენციის დროს, ხოდორკოვსკის „დოსიეს პროექტის“ გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ წინასწარ გამოძიებისას მიაკვლიეს დასტურს, რომ კრემლთან დაკავშირებული ოლიგარის, ევგენი პრიგოჟინის დაქირავებული ძალები იყვნენ ჩართული მკვლელობაში, სავარაუდოდ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამართალდამცველებთან ერთად. ჟურნალისტები, ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო, 2018 წლის 30 ივლისს დახოცეს გაურკვეველ ვითარებაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, როცა ისინი დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ რუსი დაქირავებული მებრძოლების რაზმის „ვაგნერის“ შესახებ. ხოდორკოვსკი აფინანსებდა ასევე გამოძიების კონტროლის ცენტრს, საინტერნეტო ახალი ამბების ორგანიზაციას, რომელმაც მიავლინა ჟურნალისტები აფრიკაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ განაცხადეს, რომ ჟურნალისტები დახოცეს, როცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს მძარცველებს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელები იყვნენ არაბულ ენაზე მოლაპარაკე ჩალმიანი კაცები.