მძღოლებმა ულტიმატუმი წაუყენეს რუსთავის თვითმმართველობას

მძღოლების საპროტესტო აქცია

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები 11 იანვრიდან მგზავრობის საფასურს ძველ ოდენობამდე, 1, 5 ლარამდე, დასწევენ, თუ რუსთავის მერია დათანხმდება სპეციალური კომისია შექმნას მგზავრობის რეალური ტარიფის დასადგენად.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ დღეს რუსთავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ მძღოლები გვიან ღამით შეხვდნენ "ინტერტრანსის" ხელმძღვანელებს, რომლებთანაც ამ საკითხზე შეთანხმდნენ.

"ჩვენ ვითხოვთ სპეციალური კომისიის შექმნას, სადაც შევლენ მძღოლები, "ინტერტრანსის" ხელმძღვანელები, რუსთავის თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გარდა ამისა, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ უნდა მოგვცეს ახალი დასკვნა, თუ რამდენი უღირს კომპანიას ერთი მგზავრის გადაყვანა", თქვა ლავრენტი ალანიამ.

მძღოლებმა 11-დან 7 მარშრუტზე მგზავრობის საფასური ორ ლარამდე 29 დეკემბერს გაზარდეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. რუსთავის მერიამ განაცხადა, რომ ტარიფის 50 თეთრით გაძვირება უკანონოა და ეწინააღმდეგება საკრებულოს დადგენილებას, რომლის თანაახმად, მგზავრობის ღირებულება სხვადასხვა მარშრუტზე 1, 5-დან 2 ლარამდე დარჩა.

თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტს "ინტერტრანსი" ფლობს. ერთ-ერთმა მძღოლმა, ალეკო კოკაიამ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თუ მერია მათ შეთავაზებას არ გაითვალისწინებს, 21 დღის შემდეგ 200-ვე მიკროავტობუსის მძღოლი გაიფიცება.

დღეს რუსთავის საკრებულოში ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება, სადაც მიწვეულია ყველა დაინტერესებული მხარე.