საქართველოს ვარდნა და სომხეთის აღმასვლა "ეკონომისტ ინტელიჯენს იუნიტის" 2018 წლის „დემოკრატიის ინდექსში“

ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევის მიხედვით, რეგიონში საქართველოს დემოკრატიის ინდექსი ყველაზე მნიშვნელოვნად დაეცა, 2017 წლის 5.93-დან 5.50-მდე 2018 წელს. „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მაისში საკუთარი მმართველი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ მას არ დაუკავებია არჩევითი თანამდებობა, შეცვალა მთავრობის პოლიტიკა“ - წერს „ეკონომისტი“ „დემოკრატიის ინდექსში“.

მაგალითად „ეკონომისტს“ მოჰყავს პრემიერ-მინიტრ კვირიკაშვილის გადადგომისას გაცხადებული მთავარი მიზეზი: „უთანხმოება ბატონ ივანიშვილთან“, და არა ხალხის მასობრივი უკმაყოფილება მთავრობის საქმიანობით.

„ბატონი ივანიშვილის გავლენით, მთავრობა ასევე ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და 600 000 მოქალაქეს ჩამოაწერა ვალი არჩევნებიდან 2 კვირაში. ამ გადაწყვეტილებამ მთავრობას მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭა საარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის წინააღმდეგ,“ წერია „ეკონომისტ ინტელიჯენს იუნიტის“ მიერ მომზადებულ ავტორიტეტულ კვლევაში „დემოკრატიის ინდექსი“, რომელიც 2018 წელს მოიცავს და სადაც საქართველო კვლავ „ჰიბრიდული რეჟიმების“ სიაში რჩება, გაუარესებული ინდექსით.

იმავე კვლევის მიხედვით, რეგიონის „ჰიბრიდულ რეჟიმებს“ შორის ყველაზე მკვეთრი ზრდა ჰქონდა სომხეთს, რომლის ინდექსი 2017 წლის 4.11-იდან 2018 წელს 4.79-მდე. მიზეზად წარმატებული ხავერდოვანი რევოლუცია და ნიკოლ ფაშინიანის მიერ გატარებული ანტიკორუფციული რეფორმებია მოყვანილი.

რეგიონში სომხეთთან ერთად მაკედონიის, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცოგოვინის „დემოკრატიის ინდექსია“ გაუმჯობესებული, მაშინ როდესაც საქართველოსთან ერთად გაუარესებულია მოლდოვის მდგომარეობა.