ყველაზე „მძლავრი“ პასპორტი იაპონიას აქვს. საქართველო სიაში 51-ეა

2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე „მძლავრი“ პასპორტი, ისევე, როგორც შარშან, იაპონიას აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჰენლის საპასპორტე ინდექსი“ ავრცელებს, რომელიც პერიოდულად ზომავს, თუ რამდენ ქვეყანაში მოგზაურობის საშუალებას იძლევა ამა თუ იმ სახელმწიფოს სამგზავრო დოკუმენტი.

პირველ ადგილზე გასული იაპონიის მოქალაქეებს 190 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა. მას ოდნავ ჩამორჩებიან მეორე ადგილზე გასული სამხრეთი კორეა და სინგაპური, რომლის პასპორტებიც 189 ქვეყნის კარს ხსნის. მესამე ადგილს საფრანგეთი და გერმანია იყოფენ - 188 ქვეყნით. მეოთხეზე კი დანია, ფინეთი, იტალია და შვედეთი არიან.

საქართველო ამ სიის შუაშია და 51-ე ადგილი უჭირავს. ქართული პასპორტით 114 ქვეყანაში შეიძლება მოგზაურობა. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება, რომელიც 119 ქვეყნით 48-ე ადგილზეა. თურქეთი 52-ზეა 111 ქვეყნით, აზერბაიჯანი 74-ზეა (66 ქვეყანა), სომხეთი კი - 79-ზე (61 ქვეყანა).

სხვა ტენდენციებს რაც შეეხება - ჩინეთი ორი წლის განმავლობაში 20 ადგილით დაწინაურდა და 85-ე ადგილიდან 69-ზე გადავიდა.

კარგი მაჩვენებელი აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებიც, აშშ-სთან და ნორვეგიასთან ერთად, წამყვან პოზიციებს იკავებენ. აშშ და დიდი ბრიტანეთი მეექვსე ადგილს იყოფენ, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია - ეს ორი ქვეყანა 2015 წელს სიის სათავეში იყვნენ.