გიორგი მშვენიერაძე: ეკა ბესელია მოსამართლეების საკითხს ზაფხულშიც წითელ ხაზად თვლიდა

ეკა ბესელია ჯერ კიდევ აგვისტოში ამბობდა, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება მისთვის წარმოადგენდა საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ის არ წავიდოდა კომპრომისზე, - განაცხდა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოში გვქონდა დახურული ფორმატის შეხვედრა ეკა ბესელიასთან და (მიუხედევად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, რომ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს) მისი პოზიცია იყო იგივე, რაც ახლა ღიად ისმის. ის ამბობდა, რომ წითელი ხაზი იქნებოდა მისთვის უზენაეს სასამართლოში პროცედურების დაცვისა და კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით ისეთი მოსამართლეების მოხვედრა, რომლებიც დაკავშირებული არიან ძალიან ბევრ მძიმე და არასწორ გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მმართველ პოლიტიკურ გუნდს მიმართა, სათანადოდ გააცნობიეროს მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი მწვავე სიტუაცია, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება. ამასთან, შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმების შემუშავებამდე, პარლამენტმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია. უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია პარლამენტმა, დიდი წინააღმდეგობის ფონზე, 26 დეკემბერს შეაჩერა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირებს ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას.