არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მმართველ პოლიტიკურ გუნდს მიმართა, სათანადოდ გააცნობიეროს მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი მწვავე სიტუაცია, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება. კოალიციის შეფასებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2018 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია და მასში მოხვდნენ მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს გახმაურებულ საქმეებზე მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით და რომელთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სამართლიანად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
„მართლმსაჯულების სისტემაში უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობისა და როლის გათვალისწინებით, მისი მოსამართლეები უნდა აკმაყოფილებდნენ უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები. აუცილებელია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება უზრუნველყოფილ იქნას ისეთი პროფესიონალებით, რომელთაც არა მხოლოდ სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვთ, არამედ მაღალი რეპუტაციაც პროფესიულ წრეებსა თუ ფართო საზოგადოებაში. მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არ არსებობს საზოგადოების ნდობა და რომლებიც არ გამოირჩევიან თავიანთი კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი მიუკერძოებელი დამოკიდებულებით, ვერ უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას და სასამართლო ხელისუფლება ათწლეულები დარჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ნდობის მქონე ინსტიტუტად, რაც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პროცესს შეაფერხებს“ - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. გაერთიანების წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა სათანადოდ უნდა გააცნობიეროს მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი მწვავე მდგომარეობა, რომელზეც პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება, და ის სავალალო შედეგები, რომელსაც მოსამართლეობის ნომინირებული კანდიდატების უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა გამოიწვევს.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც განსაზღვრავს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების წესს. კოალიცია აუცილებლად მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების მიღებამდე საქართველოს პარლამენტმა უარი თქვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატურების განხილვაზე, ხელახალი შერჩევის პროცესი დაიწყოს მხოლოდ კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და საკანონმდებლო ორგანომ შეამოწმოს სწორედ ასეთი წესით ნომინირებული კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა.