ჯონ ბოლტონმა და თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ისაუბრეს სირიაში შექმნილ ვითარებაზე

ანკარა, 2019 წლის 8 იანვარი: აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტების მრჩევლების, ჯონ ბოლტონისა (მარცხნივ) და იბრაჰიმ კალინის შეხვედრა

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ანკარაში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველ იბრაჰიმ კალინს სირიაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ.

ყურადღების ცენტრში იდგა სირიელი ქურთების - ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში აშშ-ის მოკავშირეების - მდგომარეობა სირიიდან აშშ-ის ჯარების მოსალოდნელი გასვლის შემდეგ.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესისა“ და თურქეთის მედიის თანახმად, ბოლტონის ვიზიტის გეგმა ითვალისწინებდა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრასაც, მაგრამ ის არ ჩატარებულა.

მანამდე ერდოანმა „სერიოზული შეცდომა“ უწოდა ბოლტონის განცხადებას სირიელ ქურთებზე. ერდოანის თქმით, მისი ქვეყანა არ მტრობს ქურთებს, მაგრამ აპირებს ბრძოლას სირიაში ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებთან, რომელთაც თურქეთში ტერორისტულ წარმონაქმნებად მიიჩნევენ. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, გრძელდება მზადება სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად.

ქურთების შეიარაღებული რაზმები აკონტროლებენ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის რაიონებს. ისინი საერთაშორისო კოალიციის დახმარებით ებრძვიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“.