კობახიძე: სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცილისწამებას სჭირდება სერიოზული ზომების მიღება

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი უწოდა კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებას სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობის და ცილისწამების შესახებ. „შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბილწსიტყვაობა უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაფიქრება და სჭირდება შესაბამისი ზომების მიღება“ - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. ამასთან, მას რაიმე კონკრეტული ზომა დღეს არ დაუსხელებია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს თანახმად: „თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა. დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, – გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, – ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს."