დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" და მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერებას სთხოვენ. შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ისინი 8 იანვარს მიმართავენ. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ 40 წლამდე მოქალაქეების დაგროვებითი საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა გაუმართლებლად ზღუდავს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

მოქალაქეების იძულებას გააკეთონ დანაზოგი კანონმდებელი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვისა და მათი უზრუნველი სიბერის მოტივით ამართლებს. თუმცა, სახელმწიფომ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, ადამიანების ნაცვლად გადაწყვიტოს, როგორ არის უკეთესი განკარგოს საკუთარი ქონება. სახელმწიფო დასაქმებულს საკუთრების უფლებას მისივე კეთილდღეობის მოტივით უზღუდავს მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუცია საკუთრების უფლების შეზღუდვას მხოლოდ საჯარო ინტერესებისთვის ამართლებს,“ - გვითხრა ედუარდ მარიკაშვილმა.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეთა სახსრებით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა ასევე სცდება სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს. მათი აზრით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქმედი სახით საქართველოს კონსტიტუციას რამდენიმე მიმართულებით არღვევს. მათ შორის, პრობლემურია ისიც, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს აიძულებს საკუთარი ქონება დიდი ალბათობით რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო ხდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს ზემოთ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია.