კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი გადასცა კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს. ტომოსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც სტამბოლის წმ. გიორგის ტაძარში გაიმართა, ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.
Your browser doesn’t support HTML5
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 5 იანვარს მოაწერა ხელი.
ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოაქვეყნა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი მიმართვა. პატრიარქი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებს მოუწოდებს, ცნონ უკრაინის ახალი ეკლესიის დამოუკიდებლობა.
15 დეკემბერს კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. მათ საფუძველზე შექმნილი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არის მიკუთვნებული. ახალი ეკლესიის მიტროპოლიტი გახდა 39 წლის ეპისკოპოსი ეპიფანე.
პოროშენკომ ისტორიული მოვლენა უწოდა ახალი ეკლესიის შექმნას. ხოლო კრემლი, ისევე როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მკაცრად აკრიტიკებს გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ.